ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი 1906-1907 წლებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.

სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში მის მიერ გამოცემულმა გაზეთებმა „საქართველოს მოამბემ" და „ივერიამ". მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ილია ჭავჭავაძე

დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური

ბანკის რესურსი უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს ხმარდებოდა. მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში უდიდესი როლი მიუძღვის. მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს: ეროვნულ საკითხებს, ლიტერატურას, განათლებას, თეატრს, ეკონომიკას, სოციალურ-პოლიტიკურ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მის პუბლიცისტიკაში ასახულია ევროპული იდეები, ხედვები, რომელთა გაცნობაც ჟურნალ-გაზეთების საშუალებით მთელი ქართული საზოგადოებისთვის ხდებოდა.

მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები თვითმმართველობის, სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, სოციალური წესრიგის, ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, სასკოლო და უმაღლესი განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები საგარეო საკითხებზე, რამაც ქართული საზოგადოება მეტად დააახლოვა დასავლეთსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

აღსანიშნია, რომ ევროპელობის, საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ პირველად ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევში გამოჩნდა.

რუსეთში მიმდინარე რევოლუციის ფონზე, ილია ჭავჭავაძე აირჩიეს ქართველ თავადაზნაურთა წარმომადგენლად რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოში. მან სცადა გამოეყენებინა ეს ტრიბუნა არა ერთი რომელიმე წოდების, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად. მონაწილეობდა სიკვდილით დასჯის შესახებ დებატებში, ასევე ლობირებდა საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვების საკითხს.

ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედება ეროვნულ და სოციალურ მოტივებზეა აგებული. ნაციონალურ საკითხთან მიმართებაში მისი ნაწერები, როგორებიცაა აჩრდილი, ქართვლის დედას და დიმიტრი თავდადებული სამშობლოსადმი თავგანწირვასა და მის უპირობო სიყვარულს ქადაგებს. სოციალურ საკითხებთან მიმართებაში ილია ჭავჭავაძე თავისი ნაწარმოებებით, როგორებიცაა რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, გლახის ნაამბობი, კაცია-ადამიანი?! და ოთარაანთ ქვრივი, ილაშქრებს სოციალური უთანასწორობის და ფეოდალური ღირებულებების წინააღმდეგ.

1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე წიწამურთან მოკლეს. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმიდანად, სახელით წმინდა ილია მართალი. ხსენების დღეა 2 აგვისტო (ძველი სტილით 20 ივლისი).

წინაპრები

ილია ჭავჭავაძე ჭავჭავაძეების ყვარლის შტოს მიეკუთვნებოდა. ჩვენთვის ცნობილი მისი უძველესი წინაპარია როშნია ჭავჭავაძე (იხსენიება 1470 წ.). მისი გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: როშნია — გიორგი (იხსენიება 1517-29 წწ.) — გარსევანი (იხსენიება 1540-84 წწ.) —იასონი (იხსენიება 1590 წ.) — მამუკა (იხსენიება 1639-55 წწ.) — ფარემუზი (იხსენიება 1642-82 წწ.) — ბესპაზი (იხსენიება 1755-77 წწ.) — პაატა (1771-1825 წწ.) — გრიგოლი (1811-1852 წწ.) — ილია.

მშობლები

ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე და დედა მარიამ ბებურიშვილი

ილია ჭავჭავაძის პაპა პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში, რომელშიც სოლომონ II-მ დაიბრუნა იმერეთის სამეფო ტახტი. პლატონ იოსელიანის ცნობით პაატას სოლომონისთვის დახმარება ერეკლე II-მ დაავალა. გიორგი XII-მ პაატა ჭავჭავაძეს უბოძა ბახტრიონიდან გავაზამდე გაღმამხარის ხუთასის თავობა. XIX საუკუნის 20-იან წლებში პაატა ჭავჭავაძე დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით. პაატას ცოლად ჰყავდა მარიამ (პელაგია) მელქისედეკის ასული ანდრონიკაშვილი (1771-1830), რომელთანაც შეეძინა შვილები: მაკრინე (1792-1872), მიხეილი, სვიმონი (1802-27), ალექსანდრე (1808-38), გრიგოლი (1811-52), გარსევანი (1816-47), იოსები (1818-28).

განათლება

თბილისი 1848-1856 წლები

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა — „მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილია გიმნაზიაში, 1848 წ.

თბილისი 1848-1856 წლები

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი) წარმატებით ჩააბარა. 1859 წლის ზაფხულში მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ის რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის, კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა „პირველი დასი“. ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - „თერგდალეულთა“ ტრადიციები. 1857-1861 წლები უხვი გამოდგა სტუდენტ ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, ისე მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუს და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; დიდი მონდომებით ეცნობოდა რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა „პირველი დასი“. ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - „თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები უხვი გამოდგა სტუდენტ ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, ისე მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუს და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; დიდი მონდომებით ეცნობოდა რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

1859-1872 წლებში ჭავჭავაძემ დაწერა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: აჩრდილი (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართვლის დედას“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860).

ილია 1860 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდ

ამავე ხანებში შექმნა ჭავჭავაძემ პროზაული ნაწარმოებები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა კლასის მანკიერი მხარეები და ყოფა სატირულად ასახა. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), მან ჩამოაყალიბა რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, დაასაბუთა სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო სახალხო ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა...“ იქცა „მამებისა და შვილების ბრძოლის“ საწყისად.

ილია ჭავჭავაძე 1870-იან წლებში.

სამშობლოში მოღვაწეობა

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნების მოლოდინი მან მხატვრულად ასახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც ავტორისა და „თერგდალეულების“ ერთგვარი საპროგრამო მანიფესტია და მათ მიზნებსა და ამოცანებს გამოხატავდა. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მუშაობის ძირითად პლაცდარმად იქცა. 1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 წელს მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 წლებში მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის მნიშვნელოვანი ქმნილებები — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

1873-წლიდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში გარკვეულწილად ჩამოცილებული იყო. 1875 წელს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას იმდროინდელ საქართველოში. 1881-წლიდან ჭავჭავაძე იყო მისი და დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

მკვლელობა

ილიას დაკრძალვა თბილისში, 1907.

1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.